თეთრი სახლი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
თეთრი სახლის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა და ჯეიკ სალივანმა განიხილეს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ხაზი გაუსვეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მათი ქვეყნების საერთო ინტერესს.
„მათ ასევე განიხილეს მათი საერთო შეშფოთება კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგისტრაციას და სტიგმატიზაციას უცხოური დაფინანსების მიღების გამო, რასაც, შეიძლებოდა შეეფერხებინა ასობით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მუშაობა.
ისინი მიესალმნენ მთავრობის გადაწყვეტილებას ორი კანონპროექტის გაწვევის შესახებ. და ბოლოს, მათ განიხილეს იმის აუცილებლობა, რომ რუსეთმა იგრძნოს შეერთებული შტატების და 30-ზე მეტი მოკავშირისა და პარტნიორის მიერ დაწესებული სანქციების, ექსპორტის კონტროლისა და სხვა ეკონომიკური შეზღუდვების სრული ეკონომიკური ფასი, რომელთა მიზანი უკრაინაში ომის გამო პუტინისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაა. ბატონმა სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან საჭიროა, თავიდან აიცილოს სანქციების გვერდის ავლის გზად გახდომა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 10 მარტს შეხვდა, რის შესახებაც თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა „ძლიერი შეშფოთება, რომ ეს კანონმდებლობა დამაზიანებელ გავლენას მოახდენდა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე“.
- „მოხარული ვართ, ვიხილოთ, რომ კანონი გაწვეულია, ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას“.
ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს და ჯეიკ სალივანს ჰქონდათ შესაძლებლობა, განეხილათ ბოლო მოვლენები, მათ შორის სადავო კანონმდებლობის წინააღმდეგ პროტესტი. მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა „ძლიერი შეშფოთება, რომ ეს კანონმდებლობა დამაზიანებელ გავლენას მოახდენდა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე“.
„მოხარული ვართ, ვიხილოთ, რომ კანონი გაწვეულია, ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას“, - განაცხადა კირბიმ და აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი რეფორმა.
„ჯეიკ სალივანმა ნათლად განუცხადა პრეზიდენტს, რომ ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მათთან ამაზე მუშაობა“, - განაცხადა ჯო კირბიმ.
პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.