ოპოზიციას აქვს კონკრეტული დავალება, როგორმე შეაფერხონ ქვეყნის წინსვლა - კობახიძე

მათი ქმედებების შინაარსის შეცვლას ჩვენ სამწუხაროდ, არ ველოდებით. ისინი დიდი ალბათობით სვლას იგივე მიმართულებით გააგრძელებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ მათი კონსტრუქციულობის იმედი არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი სხვანაირი დავალებით მოქმედებენ. მათ აქვთ კონკრეტული დავალება, როგორმე შეაფერხონ ქვეყნის წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით. სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ ისინი არც კანონპროექტების მიღებაში იყვნენ ჩართული, არც ომბუდსმენისა და არც რომელიმე სხვა გადაწყვეტილების მიღებაში. ამ კუთხით მათი ქმედებების შინაარსის შეცვლას ჩვენ სამწუხაროდ, არ ველოდებით. ისინი დიდი ალბათობით, 100%-იანი ალბათობით, სვლას იგივე მიმართულებით გააგრძელებენ“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.