რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო გარკვეული პროცესების გაგრძელება, თუმცა ყველაფერს გავუწიეთ ანგარიში, მათ შორის საზოგადოების აღქმებსაც, - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ "იმედთან" რუსული კანონის ჩაგდებაზე.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ბუნება და ეს არის ჰუმანური. განსხვავებით, იგივე წინა ხელისუფლებისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო გარკვეული პროცესების გაგრძელება, თუმცა ყველაფერს გავუწიეთ ანგარიში, მათ შორის საზოგადოების აღქმებსაც. შესაძლოა, ეს აღქმა არ იყო შესაბამისობაში რეალობასთან, სინამდვილესთან, მაგრამ როდესაც გარკვეული აღქმა ყალიბდება, მას უკვე შეიძლება გაუწიო ანგარიში", - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.