NATO მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს

NATO მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, - ამის შესახებ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა.

„NATO-მ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მიგვაჩნია, რომ უკან გადადგმული ნაბიჯი იყო და მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. საქართველოსთვის, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოები მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

სწორედ ამიტომ მივესალმებით მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ამ კანონპროექტის უპირობო გაწვევას. NATO მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად”, - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვიმ.

პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.