ჩხოროწყუს მერიის თანამშრომელი: მინდოდა, მოსწავლეებისთვის მარცვალი ჩამედო, რომ არც ერთი სამუშაო სათაკილო არ არის

"მინდოდა, მოსწავლეებისთვის მარცვალი ჩამედო, რომ არც ერთი სამუშაო სათაკილო არ არის", - განაცხადა ჩხოროწყუს მერიის თანამშრომელმა ეთერ ჯაფარიძემ, რომლმაც ჩხოროწყუს მეორე საჯაროს სკოლის მოსწავლეები მერიის ტუალეტების დასასუფთავებლად წაიყვანა.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, ის თვითნებურად მოქმედება და მერიის ხელმძღვანელობა აღნიშნულის შესახებ არაფერი იცოდა.

" შევუთანხმდი სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნონა თოდუას. ბავშვების მშობლებთან დარეკილი იყო. ბავშვები მოვიყვანე მერიაში. მინდოდა, მათთვის მარცვალი ჩამედო, რომ არც ერთი სამუშაო სათაკილო არ არის. ეს იყო ჩემი სურვილი, რაღაც შინაგანად მოდიოდა. ამის შესახებ არც მერიის აპარატის უფროსმა და არც დაცვის სამსახურმა არფერი იცოდა.

მე არ მითქვამს მათთვის ტუალეტში შესვლა. უბრალოდ, საჩვენებლად მინდოდა მათთვის მომეწმინდა. ეგ იყო, სხვა არაფერი“, - განაცხადა ეთერ ჯაფარიძემ.

ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნანა თოდუამ განაცხადა, რომ მან არ გადაამოწმა ეთერ ჯაფარიძე მართლა პროექტის ფარგლებში მოქმედებდა თუ ინდივისუალურად.

ჩხოროწყუს რესურს-ცენტრის დირექტორის ლია ჯალაღონიას თქმით, დანაშაულზე რეაგირება იქნება.

"სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირის შესვლა სასტიკად აკრძალულია, ეს არ შეიძლება. ჩვენი შეფასება იქნება ასეთი, თუ არის დანაშაული ჩადენილი, ამაზე იქნება რეაგირება", - განაცხადა ჯალაღონიამ.

როგორც ცნობილია, ჩხოროწყუს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს „დასუფთავების აქციის“ ფარგლებში მერიის საპირფარეშო გასულ კვირაში მოარეცხინეს.

არასრულწლოვნების მიერ ჩხოროწყუს მერიის ტუალეტის დასუფთავების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება დაიწყო.