ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებს მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ კანონისთვის რუსულის დარქმევამ საზოგადოების ნაწილი დააბნია, რასაც დაემატა უცხოელი პარტნიორების განცხადებები და ეს შეფასებები შესაძლოა, წამახალისებელ ფაქტორადაც განიხილებოდეს.

  • „60-მდე პოლიციელი არის დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ? ყველა ეს ადამიანი იქნება უმკაცრესად დასჯილი“.

იყო კანონპროექტის ქართული ვერსია, რომელსაც თავიდანვე კარგად გააზრებული იყო ეს ყველაფერი, დაარქვეს რუსული კანონი. იცით, თუ როგორი მგრძნობიარეები ვართ ჩვენ ყველანი, ქართველები, მიმდინარე რუსული ოკუპაციის ფონზე ასეთი საკითხების მიმართ.

და თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ. ამან რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. ამას დაემატა ის განცხადებები, რომელიც შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ერთგვარი წამახალისებელი განცხადებები, ჩვენი უცხოელი პარტნიორების, კოლეგების, ელჩების მხრიდან, რამაც დააბნია საზოგადოების გარკვეული ნაწილი. აქ ძალიან კოორდინირებული ქმედება და საქმიანობა გამოჩნდა“, - განაცხადა პრემიერმა.


ღარიბაშვილის თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ, ყველა დაკავშირებული იყო „ნაცმოძრაობასთან“, ან მათ სატელიტურ ორგანიზაციებთან“.

პრემიერის განცხადებით, “გამოიკვეთა ასევე [აქციაში] მონაწილეობა ე.წ. ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდების, რომლებსაც წამლავენ და ისინი განსაკუთრებულად პროვოკაციულად იქცეოდნენ“.

„ეს არის პირდაპირი ანტისახელმწიფოებრივი ძირგამომთხრელი საქმიანობა. ძალიან ბევრ ახალგაზრდას, მათ შორის მოსწავლეებს ურეცხავენ ტვინს. ეს კლუბი არის შექმნილი სააკაშვილის დედის უნივერსიტეტში, (ახალგაზრდებს მინდა შევახსენო აქვე, რომ ეს უნივერსიტეტი სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს ერთ ლარად გადასცა თავის დედას) ამ უნივერსიტეტში არის შექმნილი ერთგვარი ანკლავი, ბევრი უცხოელი ფიქსირდება ამ დაჯგუფების გარშემო და მიდის ახალგაზრდების მოწამვლა და მათი ტვინის გამორეცხვა.

დადასტურებული ინფორმაცია უნდა გავუზიარო ჩვენს საზოგადოებას - განსაკუთრებით ეს ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდები და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩის“ მოძრაობის წევრები იქცეოდნენ ყველაზე მეტად პროვოკაციულად და გამომწვევად/მათ ჰქონდა მიცემული დავალება, რომ შესულიყვნენ პირდაპირ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან, პოლიციასთან, მოეხდინათ მათი პროვოცირება.

საიდან გაჩნდა მოლოტოვის კოქტეილები „მშვიდობიან აქციაზე“? მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას, - როგორი საზოგადოების, როგორი ქვეყნის მშენებლობა გვინდა?

ვამბობთ, რომ გვინდა ნამდვილად ევროპული საზოგადოება ავაშენოთ, გვინდა იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, გვინდა ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ, გავაერთიანოთ, ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ. ვინ ბედავს, როგორ ბედავენ, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებ ფარად, წინა ხაზზე უშვებენ, ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს.

60-მდე პოლიციელი არის დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ? ყველა ეს ადამიანი იქნება უმკაცრესად დასჯილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


ირაკლი ღარიბაშილმა სტუდენტებს მიმართა და განცხადა, რომ მათ იყენებენ.
 
„ნუ გახდებით მანიპულირების ობიექტი და ვიღაც პოლიტიკური პარტიების ხელში ბრძოლის ინსტრუმენტი, თქვენ გიყენებენ, მივმართავ ჩვენს სტუდენტებს. გიყენებენ ეს პოლიტიკური, ხელმოცარული, გაკოტრებული ადამიანები, გატყუებენ, რომ ოცნებას არ უნდა ევროპული გზა.
  • „ცდილობენ, ჩვენს დალაგებულ, დაწყნარებულ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი. ვიქნებით უკომპრომისო, ჩვენს ხელთ არსებულ ყველანაირ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არც ერთი ასეთი ქმედება არ დარჩეს პასუხგაუცემელი“.
 
მე ფაქტები მოგიყვანეთ, ფაქტები მოიყვანონ „ნაცმოძრაობის„, ამ ფაშისტური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რა გააკეთეს მათ ევროპულ გზაზე. არაფერი გაუკეთებიათ. ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობა არ დაიწყეს, 3 წელი გადადეს, ჩვენ დავიწყეთ. ასოცირება ჩააგდეს. შესაბამისად, ეს მითი, რომელიც შეიქმნა, ეს სიყალბე. მათ შორის ძალიან ბევრი ნაცნობის ოჯახის წევრები აღმოვაჩინე აქციაზე, ძალიან ბევრმა დამირეკა, ბოდიში მომიხადა, მართლა მეგონა რაღაც ხდებოდაო.
 
ადამიანი იმიტომ არის გონიერი და იმიტომ განვსხვავდებით ცხოველებისგან, რომ ჩვენ გვაქვს გონება. უნდა შეგვეძლოს ანალიზის გაკეთება, თეთრის და შავის გარჩევა. თუ ეს არ შეგვიძლია, პრეტენზია აღარ უნდა გვქონდეს, რომ ჩვენ გვინდა ძლიერი სახელმწიფოს შექმნა, ამაზე ვიფიქროთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.