უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პეტრ პაველს ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა. უკრაინული მედიის ცნობით, მან ჩეხ კოლეგას ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და უკრაინის უსაფრთხოების საჭიროებებზე მიაწოდა ინფორმაცია.
ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ჩეხეთის პრეზიდენტს მივულოცე თანამდებობის ოფიციალურად დაკავება. განვიხილეთ სიტუაცია ფრონტზე და ჩვენი უსაფრთხოების საჭიროებები. განვიხილეთ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია და შევთანხმდით შემდგომ თანამშრომლობაზე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, ჩეხეთის მხარდაჭერა უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად.
პეტრ პაველმა, რომელიც ჩეხეთის პრეზიდენტად 28 იანვარს აირჩიეს, თანამდებობა ოფიციალურად 9 მარტს დაიკავა.