აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ესტონელმა ევროპარლამენტარმა, იააკ მადისონმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა. ევროპარლამენტარმა ამის შესახებ Facebook-ში დაწერა.
იააკ მადისონმა ნობელის პრემიაზე კანდიდატის წარსადგენად ევროპარლამენტარის უფლებამოსილება გამოიყენა.
„ნობელის პრემიის კანდიდატების წარდგენა პარლამენტის წევრებსაც შეუძლიათ, მე ეს შესაძლებლობა გამოვიყენე. ბოლო ვადა იყო 31 იანვარი.ჩ ჩემი უფლება ვადის ამოწურვამდე ორი საათით ადრე გამოვიყენე.
მე ნამდვილად არ ვარ ერთადერთი, ვინც ეს კანდიდატი წარადგინა, მაგრამ როგორც ვიცით: რაც უფრო მეტი განმცხადებელია, მით უფრო მეტი წარმატების ალბათობაა.
როდესაც კანდიდატი წარვადგინე, განაცხადში შემდეგნაირად დავასაბუთე, რომ ეს კანდიდატი შესაფერისია: „დონალდ ტრამპი არის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი ბოლო 30 წლის განმავლობაში, რომლის ადმინისტრაციას არანაირი ომი არ დაუწყია. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით დაიდო რამდენიმე სამშვიდობო შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში, რამაც ხელი შეუწყო რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას“, – წერს იააკ მადისონი.
ცნობისთვის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე ტრამპის სიძეც წარადგინეს.