თურქეთმა შესაძლოა, აზერბაიჯანული გაზისთვის გამტარუნარიანობა გაზარდოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.
„გამომდინარე იქიდან, რომ ევროპამ გადაწყვიტა, აღარ შეიძინოს ნავთობი და გაზი რუსეთიდან, ამის კომპენსაციისთვის არსებობს შესაძლო ალტერნატივა. პირველი არის გაზი, რომელიც მოდის აზერბაიჯანიდან თურქეთამდე. ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ გამტარუნარიანობა“, - განაცხადა კალინმა.
მისივე თქმით, მეორე ალტერნატივაა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ენერგეტიკული რესურსები.
კალინის თქმით, ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი გაზსადენის (TANAP) პროექტი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ნაწილია (SGC), მოკლევადიან პერიოდში შეიძლება, ალტერნატივად ჩაითვალოს. უფრო ადრე, ევროკავშირმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ გაზის დერეფნის შესაძლებლობების გაფართოებას.