საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე განაცხადა, რომ იმ ცნობას ეყრდნობა, რომლებიც ე.წ ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა მომზადებული.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძირითადად არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს ეყრდნობა.
„თქვენ მიერ ნახსენები ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის სპეკულაციები და ცალკეული პოლიტიკურად ანგაჟირებული მიკერძოებული ადამიანების მიერ მოგონილ ინფორმაციაზე დაყრდნობილი. ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის.
მე მინდა გითხრათ მთავარი, 10 წლის წინ და უფრო ადრეც, როცა მაგალითად, ქვეყანაში იყო სისტემური კორუფცია, სისტემური დანაშაული, ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბიზნესის წართმევა, მედია თავისუფლება საერთოდ არ არსებობდა.
არცერთი თავისუფალი ტელეარხი არ არსებობდა. მე არ მახსენდება ის ფაქტები, რომელიც, მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის მოყვანილი, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა.
მეორე მხრივ, ჩვენ ვართ ღია, გახსნილი დემოკრატია, თუნდაც ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა თავისუფალი, მათ შორის მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ ანგარიშებს თუ ინფორმაციებს, თუმცა, მათი ინფორმაციის 100% არ არის დაყრდნობილი ფაქტებზე, არამედ ეს არის მოგონილი, ცრუ ინფორმაცია.
ასევე ის ფაქტი, რომ ამდენი, ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს საქართველოში, რომლებიც სამწუხაროა, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ მთელ მსოფლიოში და ცდილობენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს იმიჯის დისკრედიტაციას, რაც, რა თქმა უნდა, არ შედის ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესებში. ამ ყველაფრის მიუხედავად თქვენ უყურებთ, რომ დღეს გვაქვს სრული თავისუფლება, არასამთავრობო სექტორს, მედიას ყველგან“, - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ.