რა წერია ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. მისი  მიხედვით, სახალხო დამცველის ოფისი სულ უფრო მარგინალიზებული იყო მმართველი პარტიის მიერ ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე მზარდი უკიდურესი პოლარიზაციის ფონზე.

ამასთან, წლის განმავლობაში მმართველი პარტიის ლიდერები თავს დაესხნენ სახალხო დამცველს და აცხადებდნენ, რომ ის პოლიტიკურად მიკერძოებული იყო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამჟამინდელი სახალხო დამცველის უფლებამოსილება დეკემბრის დასაწყისში დასრულდა და წლის ბოლომდე ახალი სახალხო დამცველი არ შეირჩა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ შერჩევის პროცესს და აცხადებდნენ, რომ მთავრობა ცდილობდა ინსტიტუტის დასუსტებას ხარვეზებით მიმდინარე პროცესით. 

ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფები უმეტეს შემთხვევაში მოქმედებდნენ მთავრობის შეზღუდვის გარეშე, იძიებდნენ და აქვეყნებდნენ თავიანთ დასკვნებს ადამიანის უფლებათა საქმეებზე.

აქვე აღნიშნულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მთავრობის წარმომადგენლები გარკვეულწილად რეაგირებდნენ მათ შეხედულებებზე, თუმცა, სხვა შემთხვევებში, ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ თანამშრომლობდნენ ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებთან. მაგალითად, მმართველმა პარტიამ 18 აგვისტოს უარი თქვა „სამართლიანი არჩევნების“ ჩართვაზე საპარლამენტო საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფში, რომელიც ევროკავშირის 12 მოთხოვნიდან ერთ-ერთის საპასუხოდ შეიქმნა, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ხოლო 13 სექტემბერს მმართველმა პარტიამ გამორიცხა „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონაწილეობა ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებულ კონსულტაციებში.

„ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მმართველი პარტიის წევრებმა ასევე დაადანაშაულეს შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები ანტისახელმწიფოებრივ ქცევაში“, - წერია ანგარიშში.

მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე ქვეთავში ვკითხულობთ:

„კონსტიტუცია და კანონი ზოგადად ითვალისწინებს შეკრების თავისუფლებას. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გამოხატეს შეშფოთება კანონის დებულებებთან დაკავშირებით, მათ შორის მოთხოვნის შესახებ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სხვა ორგანიზაციებმა 5 დღით აცნობონ ადგილობრივ ხელისუფლებას საჯარო სივრცეში შეკრების მიზნით, რაც გამორიცხავს სპონტანურ დემონსტრაციებს. სახალხო დამცველის აპარატმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ პოლიცია ზოგჯერ ზღუდავდა, არაეფექტურად მართავდა ან ვერ იცავდა შეკრების თავისუფლებას. სახალხო დამცველის აპარატის 2021 წლის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ სამართალდამცავი ორგანოები ხშირად იყენებდნენ არაპროპორციულ ძალას აქციების მართვისა და დაშლისას.

წლის განმავლობაში გაგრძელდა შეშფოთება 2021 წლის ივლისის პრაიდის ღონისძიების დროს ულტრამემარჯვენე კონტრდემონსტრანტების მიერ ჩადენილ ძალადობაზე არასაკმარისი პასუხისმგებლობის შესახებ. წლის ბოლოსთვის სულ 31 პირი იყო გასამართლებული, თუმცა ხელისუფლებას არ დაუდგენია არცერთი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობის ორგანიზებაზე ან წაქეზებაში“.

ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ზომები მიიღო ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი ოფიციალური პირის გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა.

„მთავრობის წარუმატებლობამ, სარწმუნო გამოძიება ჩაეტარებინა და სამართლებრივი დევნა განეხორციელებინა 2021 წლის ივლისის ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ, ამ სამართალდარღვევების დაუსჯელობა გამოიწვია“, - წერია ანგარიშში.

მისივე თანახმად, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა აგრეთვე გაგრძელდა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ არასათანადო ძალის გამოყენებისა და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებისა და გადმოცემის საქმეებზე.

ყოველწლიურ ანგარიშშია პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა.

მისი მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის.

„სახალხო დამცველმა რამდენიმე განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოუწოდა ხელისუფლებას, შეესრულებინათ ექიმთა ჯგუფის რეკომენდაციები, რომელთაც სააკაშვილი 2021 წელს გამოიკვლიეს.

11 მარტს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით, პატიმრისთვის დროული და ყოველმხრივი, ადეკვატური მკურნალობის მიუწოდებლობა, ზუსტი დიაგნოზის განუსაზღვრელობა და სათანადო სამედიცინო მომსახურების გაუწევლობა შესაძლოა, გაუთანაბრდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს წამებას, არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას”.

„4 მაისს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ „პაციენტის მდგომარეობა მიჩნეულია მნიშვნელოვნად გაუარესებულად და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა გადამწყვეტია “.

6 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ სამედიცინო ექსპერტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა სააკაშვილი კვლავ გასინჯა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „მკვეთრად გაუარესებულად” შეაფასა მას შემდეგ, რაც უკანასკნელად აპრილის ბოლოს გასინჯეს და მისი მდგომარეობა „მძიმედ“ მიიჩნიეს”.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში დაბრუნებამდე სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლეს სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის იყო ბრალდება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ პარლამენტის ყოფილ წევრზე ფიზიკური თავდასხმის შეკვეთის გამო.

გარდა ამისა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრები ჰყავს.

„ოპოზიციური პარტიის წევრები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდნენ”, - წერია ანგარიშში.

პოლიტპატიმრები და დაკავებულები - ამ ქვეთავში წერია:

დოკუმენტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. სახალხო დამცველის აპარატმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და საერთაშორისო ჯგუფებმა, მათ შორის Amnesty International-მა და ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა, გააკრიტიკეს 16 მაისის გადაწყვეტილება და ოპოზიციური ტელეარხის, მთავარი არხის ხელმძღვანელის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.

მთავრობამ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს ნება დართო, ეწვიონ იმ პირებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პოლიტპატიმრები არიან“, - წერია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავ, რომ ხსენებული ნებართვით რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ისარგებლა.