„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში 5 შესწორება შევა.
„ვენეციის კომისია აცხადებს, რომ შესაძლებელია ამ კანონის მიღება, უბრალოდ მათ აქვთ 5 კონკრეტული შენიშვნა, რეკომენდაცია. ჩვენ გავყვებით მათ დასკვნას, შევა კანონში 5 შესაბამისი შესწორება და საბოლოო სახით იქნება მიღებული ეს კანონპროექტი.
კანონი არის ზოგადი და ვერც ერთ სახელზე და გვარზე ვერ იქნება მორგებული, ამიტომ კანონი უნდა იყოს ზოგად - აბსტრაქტული და არა კონკრეტულ სახელსა და გვარზე მორგებული. ვის მოერგება საბოლოო ჯამში კანონი, ამას გადაწყვეტენ შესაბამისი სტრუქტურები კანონის შესაბამისად.
მე წინასწარ ვერ გეტყვით, ვის მოერგება კანონი, გაიწერება ობიექტური კრიტერიუმები, დაზუსტება ყველაფერი, რასაც ითხოვს ვენეციის კომისია და ამის შემდეგ ოფიციალური სტრუქტურები მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იქნას იდენტიფიცირებული ოლიგარქად.
დეოლიგარქიზაცია გულისხმობს ოლიგარქებისგან ქვეყნის გათავისუფლებას. ვინ არის საქართველოში ოლიგარქი, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, თვითაღიარებული ოლიგარქი საქართველოში არის კეზერაშვილი.
პირდაპირ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ აფინანსებს პარტიებს, მედიასაშუალებებს და ე.წ. სამოქალაქო ორგანიზაციებს. ის არის თვითაღიარებული ოლიგარქი, თვითონ ამტკიცებს ამას ანუ ერთი თვითაღიარებული ოლიგარქი გვყავს. დანარჩენი ვისზე იქნება ეს კანონი მისადაგებული, ამას აჩვენებს თვითონ კანონი. ევროპას არავინ უღიარებია, როცა საუბარია რეზოლუციებზე, ამაზე უკვე ვთქვით, რომ მათ აქვთ ჩალის ფასი, რადგან უსამართლო რეზოლუციებია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან.
შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი.