ალეკო ელისაშვილი: „ქართულმა ოცნებამ" დღეს სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ახლა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ოპოზიციამ

„ქართულმა ოცნებამ" დღეს სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ახლა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ოპოზიციამ, - ასე შეაფასა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, რაც 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტას გულისხმობს.

„3 თვეა ვლაპარაკობთ, ვინ შევა, ვინ გამოვა. აბა, ხალხს ვკითხოთ, სინამდვილეში ვის რა ადარდებს. მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და მემორანდუმს უნდა შემოუერთდეს დანარჩენი ოპოზიცია. ცოტა მეტი პასუხისმგებლობითა და მეტი გამბედაობით ყველა თავის ამომრჩეველს დაელაპარაკოს. ამომრჩევლებს ის ადარდებთ, ვინ შემოვა და ვინ არა?! უმუშევრად არის მთელი საქართველო დარჩენილი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის მსგავსად, "ქართული ოცნებას" გადაწყვეტილებას უწონებს ლევან იოსელიანიც.

მიმაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და სივრცე დატოვა ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის. ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შეჩერება იქნებოდა ცუდი გამოსავალი და პოლიტიკური პროცესი ჩიხში შევიდოდა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.

„სწორი გადაწყვეტილება იყო, რაც მიიღეს და მგონია, რომ ოპოზიციამ უნდა განაგრძოს მოლაპარაკებები და საბოლოოდ დაასრულოს ისე, როგორც დავასრულეთ ჩვენ. უნდა მოილაპარაკონ და შემოვიდნენ პარლამენტში, დღეს ეს ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალია. იმედია, ამას აცნობირებენ და ყველა შემოვა პარლამენტში“, - აღნიშნა იოსელიანმა.

მისი თქმით, თავის დროზე „მოქალაქეები“ ოპოზიციას იმიტომ გაემიჯნა, რომ პროცესი ჩიხში იყო შესული.

„ჩვენ თავის დროზე რა პროცესიც დავინახეთ შიგნით, ოპოზიციაში, ამის შესახებ დავიწყეთ საუბარი. ჩვენ გავემიჯნეთ ამ პროცესებს და ცალკე ნაბიჯებით დავიწყეთ სიარული. მივიყვანეთ მოლაპარაკებები ბოლომდე, იმ პირობებით, რაც მთლიანი ოპოზიციისთვის იყო მისაღები. გავაფორმეთ შეთანხმება და ჩვენი მიზანია მისი იმპლემენტაცია შევძლოთ პარლამენტში“, - განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ პროტესტის ნიშნად, საქართველოს პარლამენტს 51-მა ოპოზიციონერმა მიმართა საპარლამენტო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით.

ამ დროისთვის პარლამენტში შესვლას ორი ოპოზიციური პარტიის 6 დეპუტატი დათანხდა. პარტია "მოქალაქეებიდან"- ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი და კიდევ ოთხი დეპუტატი "ევროპელი სოციალისტებიდან", რომლებიც უმაღლეს საკანონდებლო ორგანოში "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიით შევიდნენ.

ცნობისთვის, პარტია "მოქალაქეების" წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მუშაობას დღეიდან დაიწყებენ.

"ქართული ოცნება" 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს.

ირაკლი კობახიძე: ჩვენ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას