საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს მთავრობის მიერ სოციალური დახმარების ახალი პაკეტის დაანონსებას, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა.
როგორც მინისტრი ამბობს, ზამთარი „არ იქნება იოლი“, ტურიზმი კი ნაწილობრი მასშტაბითაც ვერ აღდგება.
"ზამთარი, ჩვენი ხედვით და მოსაზრებით, არ იქნება იოლი: ეკონომიკური პროცესის აღდგენა წავა წლის მეორე ნახევარში, რასაკვირველია, ბევრად უკეთესი იქნება, თუმცა სრულ აღდგენას არ ველოდებით ტურიზმის გამო. ვარაუდი იყო, რომ 1 ივლისიდან შეიძლებოდა, ქვეყანა სრულად გახსნილიყო, თუმცა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში პირველი ტალღა გაგრძელდა, ევროპის ქვეყნებში მეორე ტალღა წამოვიდა. ამან ცხადი გახადა, რომ წლის ბოლომდე სრული მასშტაბით, თუგინდ ნაწილობრივი მასშტაბით ვერ აღდგება ტურიზმი და ამან დაგვანახა ახალი გამოწვევები. შესაბამისად, ზუსტად მესამე ეტაპის ღონისძიებები შემუშავდა აი ამ კონტექსტის გათვალისწინებით", - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის: არსებული პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 5%–ით შემცირდება.
6 აგვისტოს პრემიერ–მინისტრმა დახმარებების ახალი პაკეტი დააანონსა:
თვითდასაქმებულები, რომლებმაც საკმარისი დოკუმენტების შეგროვება ვერ შეძლეს, სახელმწიფოსგან 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ;ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მთავრობა კომუნალურ გადასახადებს დაასუბსიდირებს;18 წლამდე ბავშვები და მოზარდები ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ;სოციალურად დაუცველი სტუდენტების ნაწილს ერთი სემესტრის და ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდება.