იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა მოუწოდებს ჩინეთს, პასუხისმგებლობით იმოქმედოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო. NHK-ის ცნობით, კიშიდამ ეს განცხადება ორშაბათს, 27 მარტს გააკეთა, როცა ზედა პალატის პლენარულ სხდომაზე უკრაინაში ბოლო ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთისგან არ ჩანს დათმობის ნიშნები, ის აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია, დაიწყებენ თუ არა მოლაპარაკებებს, რომელიც განსაზღვრავს მათი ქვეყნის მომავალს. კიშიდამ აღნიშნა, რომ მოუწოდებს პეკინს, იმოქმედოს პასუხისმგებლობით, რადგან იაპონია აგრძელებს მოსაზრებების გაცვლას ჩინეთთან, უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ.
კიშიდა უკრაინას 21 მარტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ბუჩაში ჩავიდა, სადაც რუსული აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯერ არ უნახავს ოფიციალური დოკუმენტი ჩინეთის ე.წ. „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით და ელის უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მხარდაჭერას.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ სკეპტიკურად უყურებს ჩინეთის 12-პუნქტიან წინადადებას, რომელიც მოიცავს მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ. ამასთან, აღნიშნა, რომ პირველი რიგში აუცილებელია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.