საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 29 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.
როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, მიუხედავად დასტაბილურების გარკვეული ნიშნებისა, ინფლაცია ჯერ კიდევ გლობალურ გამოწვევად რჩება.
„საქართველოში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი კვლავ მაღალია, თუმცა შემცირებას განაგრძობს. თებერვალში მთლიანი ინფლაცია 8.1 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 6.6 პროცენტამდე შემცირდა. ინფლაციის კლებას, ძირითადად, საგარეო ფაქტორები განაპირობებს. კერძოდ, ბოლო პერიოდში, ნავთობის საერთაშორისო ფასი მცირდება. საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულებაც პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. ასევე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსი კლებას განაგრძობს.
გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე აღნიშნული ტენდენციები საქართველოს ბაზარსაც ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტულ ინფლაციას ამცირებს. მიუხედავად გარკვეული შემცირებისა, საბაზო, ისევე როგორც ადგილობრივი ინფლაცია კვლავ მაღალია", - აცხადებენ საქართველოს ეროვნული ბანკში.