მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. შესაბამისი განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოლდოვაში ვიზიტისას, პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე შეფასებით, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ანგარიშის საფუძველზე, რომელსაც ევროკომისია მოამზადებს.
„გულწრფელად ვიმედოვნრებ, რომ დადებითი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდება წლის ბოლოსთვის“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, მოლდოვა სულ უფრო ხშირად ხდება მტრული რუსული დაზვერვის სამიზნე. ამასთან, შარლ მიშელმა ასევე მოუწოდა მოლდოვის ხელისუფლებას, გააგრძელოს რეფორმები. კონკრეტულად, სასამართლო რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზაცია. შარლ მიშელის თქმით, ევროკომისია მოლდოვის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტს ზაფხულში წარადგენს, რაც იქნება არსებითად მნიშვნელოვანი და წონიანი დახმარება.
„ბოლო თვეებში რუსეთი და მის დაქვემდებარებაში მყოფები სულ უფრო ხშირად ცდილობენ თქვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას და ამისთვის იყენებენ ენერგეტიკას, კიბერთავდასხმებს, ახდენენ საპროტესტო აქციების ინსცენირებას და სხვა ძირგამომთხრელ ქმედებებს ახორციელებენ. ჩვენ ვგმობთ დესტაბილიზაციის ამ მცდელობებს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
2022 წლის თებერვალში უკრაინამ წევრობაზე განაცხადი ომის ფონზე გააკეთა. საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
ივნისში ევროკავშირმა წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინას და მოლდოვას, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსს ქვეყანა 12 პრიორიტეტის შესრულების შემდეგ მიიღებს.