„ყველა თქვენი წინადადებით და ნარატივით გააძლიერეთ „ნაცმოძრაობის“ ცრუ კამპანიაც და მათი მიზნებიც ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ, უკაცრავად, მაგრამ ობიექტური არ ხართ! - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პრეზიდენტი წლიური მოხსენებით წარდგა.
- საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან მთავრობა მწვავედ გააკრიტიკ
- ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით ხელისუფლება უპირისპირდება საგარეო მიზანს - ზურაბიშვილი
„თქვენი პოზიცია ირიბად ან პირდაპირ ხომ არ ემთხვევა ამ მიზნებს? როდესაც ევროკავშირმა თავად, კრიტერიუმების დონზე აღიარა, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. დღეს თქვენ ბრძანეთ, რომ არ იმსახურებდა.
ევროპამ თავად აღიარა, საქართველოში ყველა ობიექტური ადამიანი ფიქრობს, რომ იმსახურებდა, თქვენ კი ამბობთ, რომ არ იმსახურებდა და ჩვენ დაგვაბრალეთ. შესრულებულ, თითქმის ბოლოში გასულ რეკომენდაციებს ფორმალურად შესრულებული დაარქვით.
რატომ ემთხვევა სამივე მიზანი რადიკალური ოპოზიციის მიზნებს? იქნებ აგვიხსნათ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ვინც თქვენ ხმა მოგცათ, იმის პოზიციებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება თქვენი დღევანდელი პოზიცია და ეთანხმება მათ პოზიციებს, ვინც თქვენ მოღალატეს და აგენტს გეძახდათ რამდენიმე წლის წინ. საზოგადოების დაკვეთა იყო - არა ბოროტებას, არა ძალადობას, არა „ნაცმოძრაობას“.
დღეს თქვენ ყველა თქვენი წინადადებით და ნარატივით გააძლიერეთ „ნაცმოძრაობის“ ცრუ კამპანიაც, მათი მიზნებიც ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ. აქედან გამომდინარე ისმება ლოგიკური კითხვა -რატომ ხდება ისე, რომ მათი პოზიცია, ვინც მხარი დაგიჭირათ, აბსოლუტურად იგნორირებულია და ვინც აგენტს გეძახდათ, მათ ნარატივს ამყარებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იცვალა მან ფერი, თუმცა მოვერიდებით ამ დეტალებზე საუბარს, მათ შორის იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს.
წითელ ხაზებზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარია საქართველოს კეთილდღეობა. დამოუკიდებლობის დაცვა, სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ზრუნვა, ამაში იგულისხმება აბსოლუტურად ყველაფერი, რაც არის ასახული საქართველოს კონსტიტუციაში.
ამაზე მათ შორის იგულისხმება ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. ეს ყველაფერი ასახულია ჩვენს პროგრამაში, საქართველოს კონსტიტუციაში და მივყვებით ამ ყველაფერს განსხვავებით იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომელიც ჩვენ გვიპირისპირდებიან. ყველაფერი ნათელია როდესაც ვხედავთ ვის მოსწონს სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, მოსწონს სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, ლევან ბეჟაშვილს და ა.შ. იმსჯელოს საზოგადოებამ სად ვდგავართ ჩვენ და სად სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის ფერისცვალება 2021 წელს დაიწყო.