უკრაინის უმაღლესმა ოფიციალურმა პირმა კვირას გამოაქვეყნა ნაბიჯების სერია, რომლებსაც კიევის მთავრობა გადადგამს მას შემდეგ, რაც ქვეყანა ოკუპირებულ ყირიმზე კონტროლს დაიბრუნებს.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა გეგმა გამოაქვეყნა იმ ფონზე, როდესაც უკრაინის სამხედროები საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ემზადებიან იმ იმედით, რომ 13 თვეზე მეტხნიანი ომის შემდეგ ახალ, გადამწყვეტ პროგრესს მიაღწევენ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასასრულებლად.
რუსეთის ყველა მოქალაქე, რომელიც 2014 წლის შემდეგ ყირიმში გადავიდა საცხოვრებლად, უნდა იყოს გაძევებული და უძრავი ქონების თაობაზე ყველა გარიგება, რომელიც რუსეთის მმართველობის დროს დაიდო, უნდა გაუქმდეს. ამასთან, თუ ქონება უკანონოდ მითვისებულია ან ნაციონალიზებულია, ის უბრუნდება მფლობელებს.
იმ პროპაგანდისტების (ჟურნალისტები, მედიის პროფესიონალები და სხვადასხვა ექსპერტი) დანაშაულები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ოკუპაციაში, ბავშვთა განათლების მილიტარიზაციასა და უკრაინის, უკრაინელების, ყირიმელი თათრებისა და სხვა ეროვნების მიმართ სიძულვილის გაღვივებაში, უკრაინის და, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანოების მიერ იქნება გამოძიებული.
დოკუმენტში ნახსენებია „დეტოქსიკაციის“ ყოვლისმომცველი პროგრამა, რომელიც ოკუპირებლი ყირიმის მოსახლეობის ნაწილის საზოგადოებრივ ცნობიერებაზე რუსული პროპაგანდის ხანგრძლივი მოქმედების შედეგების გასაქარწყლებლად შემუშავდა.
გარდა ამისა, სევასტოპოლს სახელი უნდა შეეცვალოს იმ გარკვეული როლის გათვალისწინებით, რომელსაც რუსულ იდეოლოგიასა და რუსეთის მიერ ისტორიის გადაწერის პროცესში ასრულებს.
დოკუმენტი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ ექსპერტების მონაწილეობით შეიმუშავა.
მოსკოვმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა, მაგრამ მსოფლიოს უმეტესობა მას რუსეთის ტერიტორიად არ ცნობს. კიევი გამორიცხავს მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ვიდრე რუსული ჯარები არ დატოვებენ ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას, მათ შორის ყირიმს.
რუსეთი უკრაინაში შეიჭრა გასული წლის 24 თებერვალს და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.