აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა. ამერიკელმა დიპლომატმა Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამის შესახებ ინფორაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„მდივანმა ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს გადასცა შეერთებული შტატების „სერიოზული შეშფოთება“ რუსეთის მიერ აშშ-ის მოქალაქე ჟურნალისტის მიუღებელი დაკავების გამო და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. მდივანმა ბლინკენმა ასევე მოუწოდა კრემლს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აშშ-ის მოქალაქე პოლ უელანი, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული. მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ასევე განიხილეს ისეთი გარემოს შექმნის მნიშვნელობა, რომელიც საშუალებას მისცემს დიპლომატიურ მისიებს, განახორციელონ თავიანთი სამუშაო“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
თავის მხრივ, რუსული მხარის ინფორმაციით, ლავროვი საუბრისას ამტკიცებდა, რომ ვაშინგტონი Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის საქმის პოლიტიზებას ცდილობს, რაც მიუღებელია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლავროვმა ბლინკენს განუცხადა, რომ გერშკოვიჩის ბედს სასამართლო გადაწყვეტს.
რუსული მხარის ცნობითვე, საუბრის ინიციატორი ბლინკენი იყო.
ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტის ევან გერშკოვიჩის დაუყოვნებლივი გათავისუფლებას მოითხოვს.
გამოცემის შეფასებით, ჟურნალისტის საქმემ, რომელიც თავისუფალი პრესის საშინელი შეურაცხყოფაა, მთელ მსოფლიოში, ყველა თავისუფალ ხალხსა და მთავრობაში აღშფოთება უნდა გამოიწვიოს.
ამერიკული გამოცემის განცხადებით, არცერთი რეპორტიორი არ უნდა იყოს დაკავებული მხოლოდ თავისი საქმის კეთების გამო.
ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, 1991 წელს დაბადებული ევან გერშკოვიჩი 30 მარტს დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. დანაშაული 20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
რეპორტიორი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შესახებ ამზადებდა მასალას, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. 31 მარტს ბაიდენმა რუსეთს WSJ-ის რეპორტიორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.