ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დეზინფორმაციაზე. მისი შეფასებით, აუცილებელია, გაიზარდოს საზოგადოების მედეგობა, გაძლიერდეს ქვეყნის ინსტიტუციების შესაძლებლობები და პროევროპული მისწრაფებები.
გიტანას ნაუსედას თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ზეწოლა მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არ არის გზა, რომელიც დემოკრატიასა და საზოგადოების მედეგობას აძლიერებს.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს როგორც რეგიონის, ისე ევროპის უსაფრთხოებაზე. რუსეთი ისევ აგრძელებს სასტიკ ომს, რაც სიტუაციის დესტაბილიზირებას ახდენს როგორც რეგიონში, ასევე კავკასიაში. უკრაინისადმი, სამხედრო, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ლიეტუვა არის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდამჭერი უკრაინისადმი. ასევე მნიშვნელოვანია აგრესორის მიმართ სანქციების დაწესება. ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა“, - განაცხადა ნაუსედამ. ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ მან თანამშრომლობა გააღრმაოს NATO-სთან.
„ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომ თქვენ თავად აირჩიოთ ალიანსები. გარე ძალებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის დამოუკიდებლობას და მუდმივ მცდელობას, გააძლიეროს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და დემოკრატია“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.