პოლიციაზე თავდასხმას არავის ვაპატიებთ, ეს მიუღებელია, ეს არის წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 7-9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციელზე თავდამსხმელი. ყველამ ვნახეთ კადრები. ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილი“. ანუ ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია, რომ ამას არავის ვაპატიებთ. ეს არის მიუღებელი. წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო. ასევე საზოგადოებამ ნახა, რომ გეგმა იყო გაცილებით უფრო რთული. მათი გეგმა იყო მუდმივი ქაოსის დათესვა, საბოლოო მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რაც არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ.
რაც შეეხებათ ამ ანარქისტებს და მათ ინსტრუქტორებს, ეს ადამიანები მომზადებული იყვნენ იმისთვის, რომ მომხდარიყო პროვოკაციები, პოლიციაზე თავდასხმები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის თვალსაჩინო. ხალხმა ნახა, რომ ამის მიზანი გაცილებით უფრო შორსმიმავალი იყო, მაგრამ მადლობა კიდევ ერთხელ პოლიციას. სახელმწიფო დადგა ძალიან მტკიცედ, გამოაჩინა სიძლიერეც და გონიერებაც“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
31 მარტს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას დარბაზში, ბრალდებულის მომხრეების მხრიდან მოჰყვა ხმაური და შეძახილები - „რუსებო", „მონებო".
ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას მისი ადვოკატები გაასაჩივრებენ.
„ამ ეტაპზე საქმის მასალებს დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ რაც შეეხება ამოცნობასთან და იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას, როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდებულს ნიღაბი ეკეთა და იდენტიფიცირება როგორ მოხდა და ა.შ, ამასთან დაკავშირებით, ყველა მტკიცებულებას დეტალურად გავეცნობი და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ, რა იყო და როგორ იყო“, - განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.
„ამჯერად, მე მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო, გავიარო ადვოკატებთან და თავიდან მივცე ჩვენება", - განაცხადა ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა და აღნშნა, რომ გამოძიებისთვის ხელახლა სურს ჩვენების მიცემა.
ბითაძე აქვე განმარტავს, თუ რატომ შეცვალა ბრალდებულმა პოზიცია და რატომ განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებს.
„თვითონ განმარტა, რომ ამ ეტაპზე დუმილის უფლება გამოიყენოს. იმ მომენტში, როდესაც ჩვენებას ვაძლევდი ვიყავი ძალიან არჩეულიო, ამიტომ კონსულტაციას გავივლი თქვენთან და ახლა თუ შეიძლება ჩემი პოზიცია დუმილის უფლება იყოსო. რა თქმა უნდა, ჩვენ განვუმარტეთ, რომ შეიძლებოდა დუმილის უფლება გამოეყენებინა, ეს მისი უფლებაა“.
პროკურატურა გრიგორიადისის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა პირველ მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.