სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა თქვეს, რომ საგანგაშო და კრიტიკული მდგომარეობაა, სიკვდილი შეიძლება, ნებისმიერ მომენტში დადგეს - ალასანია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტი ნებისმიერ დროს შეიძლება გარდაიცვალოს.

„გუშინ ყველა არხს ვუსმენდი, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა თქვეს, რომ საგანგაშო და კრიტიკული მდგომარეობაა, სიკვდილი შეიძლება ნებისმიერ მომენტში დადგეს, ის თქვეს, რასაც მე ყოველდღე თქვენ გიყვებით, ზუსტად ეს დაინახეს ამ ექიმებმა. მათ კლინიკა „ვივამედში“ სულ 9 ვიზიტი ჰქონდათ. ისინი საკმარისად კარგად იცნობენ პაციენტს, მისი მდგომარეობა იციან. ასევე, ის დოკუმენტები აქვთ, რომელსაც კლინიკა მათ აწვდის.

მათგან ხშირად ისმოდა, რომ აუცილებელია მისი უცხოეთში გადაყვანა. ზურაბ ჩხაიძისგან მომისმენია, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მდგომარეობა უარესდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვაგან მისი გადაყვანაა საჭირო“, - განაცხადა ალასანიამ.

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა კლინიკა „ვივამედში“ გუშინ, ყოფილი პრეზიდენტი მოინახულეს. ექიმების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გასული თვის მონაცემებთან შედარებით, არსებითად არ შეცვლილა, თუმცა კახექსია და სისუსტე მეტად გამოხატულია. საერთო ჯამში, კონსილიუმის წევრები ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ.

საბოლოო დასკვნას ექიმები სხვადასხვა სახის სამედიცინო ტესტის შემდეგ, მომდევნო კვირას გამოაქვეყნებენ.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.