აშშ-ის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერია მოკლული. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
„შესუსტების მიუხედავად, დაჯგუფებას კვლავ შეუძლია ოპერაციების ჩატარება რეგიონის ფარგლებში და გააჩნია სურვილი, განახორციელოს დარტყმა ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ“, – ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
ამასთან, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, მოკლული ხალიდ აიდ აჰმად ალ-ჯაბური პასუხისმგებელი იყო ევროპაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე.
ხალიდ აიდ აჰმად ალ-ჯაბურმა განავითარა დაჯგუფების ხელმძღვანელობის სტრუქტურა. ამერიკული მხარის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან.