„ბუნებით ოპტიმისტი ვარ, ასე რომ, იმედი მაქვს, საქართველო წინ წავა და მას წლის ბოლოს მიანიჭებენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, რომელმაც უპასუხა შეკითხვას „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით.
„მე, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ჩემს გუნდთან ერთად, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ, ვურჩიოთ, ჩამოვიყვანოთ ექსპერტები იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს მიღწიოს კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს, მაგრამ ეს დამოკიდებულია პროგრესზე, რომელიც მიღწეული იქნება ყველა პოლიტიკური ძალის მიერ და 27-ვე წევრი სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების დონეზე, რომლებიც მიმდინარე წლის დეკემბერში გამართავენ შეხვედრას და გადაწყვეტენ ერთხმად. რას ნიშნავს ერთხმად გადაწყვეტა - ეს ნიშნავს, რომ ყველა უნდა დაეთანხმოს.
ასე რომ, ეს არის გამოწვევა, მაგრამ შესრულებადი და ჯერ კიდევ არის დრო იმის დასამტკიცებლად, რომ მიღწეულია საკმარისი პროგრესი 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ელჩმა IPN-ის ცნობით.
„გაფართოების შესაბამისი ანგარიში მოსალოდნელია ოქტომბერში. ასე რომ, დარჩენილია ექვსი თვე, მაგრამ სამუშაო ვერსია ახლა არის – რეკომენდაცია გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინასა და მოლდოვასთან და კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის“,- წერდა რიკარდ იოზვიაკი 3 აპრილს.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.