NATO-ს საზღვარი რუსეთთან გაორმაგდა

ფინეთი გახდა NATO-ს უსაფრთხოების ალიანსის 31-ე წევრი, რის შედეგადაც ალიანსის საზღვრების სიგრძე რუსეთთან გაორმაგდა. ფინეთი რუსეთთან 1340-კილომეტრიან საზღვარს იზიარებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჰელსინკმა NATO-ს მეხუთე მუხლის დაცვა აირჩია, რომელიც ამბობს, რომ ერთ წევრზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს. ფინეთს კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი, დაახლოებით, 30 000-კაციანი აქტიური შეიარაღებული ძალა ჰყავს. მას ასევე შეუძლია, 250 000-იან რეზერვს მოუყაროს თავი.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს უპასუხა Associated Press-ის შეკითხვას რუსეთის მიზნების შესახებ, რომ მოსკოვი ფინეთის გარშემო თავის ყოფნას გააძლიერებს, „მიუთითებს რა ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებზე“.

სტოლტენბერგის შეფასებით, წლებია, ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტ პუტინის სურვილს, გამოიყენოს სამხედრო ძალები რუსეთის მეზობლების წინააღმდმდეგ.

„საქართველო 2008 წელს, შემდეგ, ყირიმი 2014 წელს და სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში გასულ წელს. ეს არის რუსეთის ქცევის ნიმუში და სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ NATO-ს, ჩვენს მზადყოფნას, ჩვენს პოზიციებს აღმოსავლეთ ფლანგზე, სწორედ ამიტომ ახორციელებენ მეტ ინვესტიციას მოკავშირეები ახალ, თანამედროვე შესაძლებლობებში. სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ განაპირობა ფინეთის და შვედეთის გადაწყვეტილება წარედგინათ NATO-ში წევრობის განაცხადი.

ეს აჩვენებს, რომ პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში შეჭრით უნდოდა ნაკლები NATO მის საზღვრებთან, რომ დაეხურა NATO-ს კარი ახალი წევრებისთვის ევროპაში, მან მიიღო სრულიად საპირისპირო. ის იღებს მეტ მზადყოფნას, მეტ ჯარისკაცს ხმელეთზე, ჰაერში NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე და იღებს მეტ წევრს, ფინეთს დღეს და მალე ასევე შვედეთს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


დღედაინ, 4 აპრილიდან, ფინეთი ოფიციალურად NATO-ს 31 წევრია. ალიანსი გაფართოვდა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე. 4 აპრილს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცახდა, რომ რუსეთის შეჭრის პიდაპირი შედეგია ფინეთის გაწევრიანება, პუტინს სურდა რა ნაკლები NATO, საპირისპირო მიიღო.

იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება „ფინეთს უფრო უსაფრთხოს და NATO-ს უფრო ძლიერს გახდის“.

თავის მხრივ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დოკუმენტი გადასცა და გაწევრიანების ოფიციალური პროცესი დაასრულა.

შეგახსენებთ, თურქეთი 31 მარტს გახდა NATO-ს წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის NATO-ს ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. კანონმდებლებმა ხუთშაბათს ერთხმად დაუჭირეს მხარი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანებას.

შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი ერთად, გასული წლის მაისში შეიტანეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ორივე ქვეყანამ გადაწყვიტა, უარი თქვას ნეიტრალურ სტატუსზე და შეუერთდეს სამხედრო ალიანსს.

მალევე თურქეთის ხელისუფლებამ წამოაყენა პირობების სია, რომლის გათვალისწინების შემდეგაც დათანხმდებოდნენ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლას. საბოლოოდ, ანკარას შვედეთის მიმართ დარჩა კვლავ პრეტენზიები „ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე“, რის მოგვარებასაც NATO-ს გენერალური მდივანი მალე იმედოვნებს. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ალიანსს შვედეთიც მალე შეუერთდება. 

შედეგად, რა პრეცედენტს შექმნის შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება: ბალტიის ზღვაზე რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი, ბალტიის ზღვის 99%, ახლა NATO-ს კონტროლის ქვეშაა, რაც რუსეთისთვის სამხედრო მანევრირებას შეუძლებელს ხდის. იქედან გამომდინარე, რომ რუსეთს ფინეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს, ფაქტობრივად, NATO-ს საზღვრად გადაიქცა ფინეთის საზღვარი, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და რუსეთთან კონფრონტაციის ფონზე სერიოზული უპირატესობაა NATO-სთვის.