თბილისი და ტაშკენტი ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის 500 მილიონ აშშ დოლარამდე გაფართოებას გეგმავენ. უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო და უზბეკეთი ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მარშრუტის განვითარებას სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებით ცდილობენ. ამ თემას აზერბაიჯანული მედია უძღვნის სტატიას.
BTK-ის გამოყენების საკითხი უზბეკეთის ვიცე-პრემიერს ჟამშიდ ხოჯაევს და საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შორის განხილვის საგანს წარმოადგენდა.
საქართველომ და უზბეკეთმა ასევე განიხილეს საქართველოს შავი ზღვის პორტის ინფრასტრუქტურის გამოყენების პოტენციალი ევროპასთან ვაჭრობის გასამარტივებლად. ორივე ქვეყანა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიზნით, გზებს ეძებს.
ქართული მხარის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის ზრდამ 30% შეადგინა. ამ დინამიკის შესანარჩუნებლად კი, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოსა და უზბეკეთის ბაზრებზე, ასევე ყველა დაბრკოლების მოხსნა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ვაჭრობის ზრდაზე. ქართული მხარის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ტაშკენტში, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ორმხრივი შეხვედრისას, რამდენიმე დღის წინ გააკეთა.
ლევან დავითაშვილის შეფასებით, უზბეკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა და საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის განვითარების ტემპების გაძლიერებას.
მინისტრმა გამოვთქვა იმედი, რომ „ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წარმატებით ჩატარება კიდევ უფრო დიდ ბიძგს მისცემს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარებას მრავალი მიმართულებით“.
ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური ცნობებით, უზბეკ კოლეგასთან საუბრისას „ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული შეფასება მისცა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკას პანდემიის შემდგომ პერიოდში და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით, ორმხრივი ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობები არსებობს“.
„ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ისაუბრეს ტურიზმის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ 2022 წელს უზბეკეთიდან საქართველოში ვიზიტორთა საერთო რაოდენობა 32%-ით გაიზარდა. ლევან დავითაშვილმა და ჟამშიდ ხოჯაევმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელსაც ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, იმსჯელეს საინვესტიციოდ მიმზიდველ სექტორებზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს“, - აღნიშნავს ეკონომიკის საინისტრო.