ყოველი ქვეყანა, რომელიც დახმარებას უწევს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში, ხდება აგრესიის თანამონაწილე და საერთაშორისო სამართლის დამრღვევი. ეს არ შედის ჩინეთის ინტერესებში. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პეკინში საფრანგეთის საელჩოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„კონფლიქტის დაწყებიდან ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავხმარებოდით მსხვერპლს და ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი, ვინც აგრესორს (რუსეთს - რედ.) დაეხმარება, საერთაშორისო სამართლის დარღვევის თანამონაწილე იქნება“, - განაცხადა მაკრონმა.
მანვე აღნიშნა, რომ ჩინეთის ინტერესებში არ არის რუსეთისთვის იარაღის მიწოდება უკრაინის წინააღმდეგ ომში.
„ჩინეთის ინტერესი არ არის ხანგრძლივი ომი", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ იარაღის ნებისმიერი მიწოდება რუსეთის მხარდასაჭერად, დიდი შეცდომა იქნება, რამაც შეიძლება, გლობალური სტაბილურობა და უსაფრთხოება შეაფერხოს.