AN-225 Mriya-ს განადგურების საქმე: სახელმწიფო საწარმოს ყოფილ დირექტორს დაუდევრობისთვის ბრალი წარედგინა

ანტონოვის სახელმწიფო საწარმოს ყოფილ დირექტორს, სერჰი ბიჩკოვს ბრალი წაუყენეს სამსახურებრივი დაუდევრობისთვის, რამაც გამოიწვია მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავის AN-225 Mriya-ს განადგურება. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) 5 აპრილს იტყობინება.

გამოძიების თანახმად, მიუხედავად სახელმწიფო ხელისუფლების გაფრთხილებისა და სადაზღვევო დაფარვის შეწყვეტის შესახებ ცოდნისა, ბიჩკოვმა Mriya-ს თვითმფრინავის ევაკუაცია არ უზრუნველყო.

„ბიჩკოვის სავარაუდო დაუდევრობამ გამოიწვია თვითმფრინავის დაწვა ჰოსტომელის აეროპორტზე რუსული საჰაერო თავდასხმის დროს რუსეთის ყოვლისმომცველი ომის პირველ დღეებში, მისმა ქმედებებმა უკრაინის სახელმწიფოს 227,8 მილიონი დოლარის ზიანი მიაყენა“, - აცხადებს SBU.

ცნობისთვის, მსოფლიოში ყველაზე დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავი MRIYA 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ჰოსტომელის აეროპორტისთვის ბრძოლების დროს განადგურდა. An-225 MRIYA არის საავიაციო გიგანტი, რომელსაც ყველაზე მეტი კომერციული ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. ეს არის ავიაციის ისტორიაში ყველაზე გრძელი თვითმფრინავი.

Antonov An-225 მრია (მრია – უკრაინულად ოცნებას ნიშნავს) შეიქმნა საბჭოთა კავშირის დროს, უკრაინაში. პირველი ფრენა 1988 წლის 21 დეკემბერს განხორციელდა. სიდიდის გარდა, ის გვევლინება როგორც ყველაზე მძიმე ტვირთმზიდი თვითმფრინავი. ან-225 შეიქმნა რუსული წარმოების კოსმოსური ხომალდის, „ბურანის“ ტრანსპორტირებისათვის. 1988-1994 წლების განმავლობაში თვითმფრინავმა 110 მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ხოლო მისი რეკონსტრუქციის, შემდეგ ეს რიცხვი 127-მდე გაიზარდა. ან-225 -ის სიგრძე 84 მეტრია, მისი სიმაღლე კი 18,2 მეტრი. 88 ადგილია მგზავრებისათვის, ხოლო 6 ეკიპაჟისათვის. თვითმფრინავის სატვირთო კაბინაში შესაძლებელია მოთავსდეს 50 ავტომობილი.

მისი წონა ტვირთის გარეშე 250 ტონაა, ხოლო მაქსიმალური დატვირთვით 600 ტონა. საჰაერო ხომალდის საშუალო სიჩქარე 700 კმ/სთ-ია, ხოლო მაქსიმალური – 850კმ/სთ.