ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა უპასუხა ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომელიც სატელეფონო საუბრებს შეეხებოდა.
„არ ვიცი, რაზე საუბრობს, მე არაფერი მაქვს დასამალი. ყველა ქართველისთვის შემაშფოთებელი იქნებოდა, რომ მათ უსმენენ“, - აღნიშნა ელჩმა „მთავარ არხთან“.
კელი დეგნანის თქმით, შტატები ამ გადაწყვეტილებას მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს.
„სავიზო სანქციები რაც გამოცხადდა, არის მათ წინააღმდეგ, ვინც არიან ჩართული კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას.
მათ ეკრძალებათ ამერიკაში შესვლა და ეს მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიერ, როდესაც ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართული არიან კორუფციულ საქმიანობაში, ეს იყო გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ, ეს სანქციები გამოცხადდა გუშინ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
„ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, პირდაპირ ბლინკენი „გასვარეს“, - განაცხადა 5 აპრილის საღამოს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირებაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
„ბევრი თემა გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან, ამიტომ მინდა, ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები - წესებით დაგველაპარაკონ, ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
ბლინკენის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა ელჩ დეგნანის ვიდეომიმართვა.