სუს-ის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ მისი გადაწყვეტილების საფუძველზე აშშ-ის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი საქართველოში არ შემოუშვეს.
სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, ჯეიმსონ მარშალ ქომინსის საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასთან, მითითების გაცემასთან და ა.შ.
გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ქომინსის ქვეყანაში არშემოშვების თაობაზე აშშ-ის საელჩო უწყებას არ დაკავშირებია და „ალბათ, მიზეზი თავადაც კარგად იციან“.
„ვადასტურებ, რომ ჯეიმსონ მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე. აკერმანი ცოცხალი აღარ არის, დააყენეთ ის კაცი, შეიძლება ქომინსი უარეს საქმიანობასაც ეწეოდა. ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. აშშ-ის საელჩო არ დაგვკავშირებია, რატომ არ შემოვუშვით, ალბათ, მიზეზი თავადაც კარგად იციან. აკერმანიც რომ ცოცხალი ყოფილიყო და შემოსულიყო, არ შემოვუშვებდით, მას შემდეგ რაც მხილებული იყო იმაში, რა საქმიანობითაც იყო დაკავებული“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
მან ასევე უპასუხა შეკითხვას, სანქციები პირდაპირ კავშირშია თუ არა ქომინსის არშემოშვებასთან.
„შეიძლება, კავშირი არსებობს კიდეც, შეიძლება არ არსებობს, ეს უნდა კითხოთ იმ მხარეს, ვინც სანქციები დააკისრა კონკრეტულ პირებს", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.