სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე პირველი განმარტება გააკეთა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე პირველი განმარტება გააკეთეს.

სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ ხსენებული პირები მნიშვნელოვან კორუფციაში იყვნენ ჩართულნი. მას ქართველმა ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა თბილისის რეაქციაზე, მათ შორის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენისადმი მინისტრ დარჩიაშვილის მიერ გაგზავნილ წერილზე.

„რაც შეეხება გუშინ გამოცხადებულ სანქციებს, სანდო ინფორმაცია გვაქვს რომ ეს პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში, რომელიც მათ ამჟამინდელ და ყოფილ პოზიციებს უკავშირდება. ამ კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. დააზიანა საზოგადოების ნდობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ოფიციალური პირებისადმი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან არის მოპოვებული, მათ შორის ღია წყაროებიდან და ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს საიმისოდ, რათა დავიჯეროთ, რომ მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო კორუფციაში”, - განაცხადა ვედანტ პატელმა.

მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს ასეთი პირებისთვის ანგარიშვალდებულების დაკისრებას.


ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 5 აპრილს განაცხადა.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

ბლინკენი განმარტავს, რომ ხსენებულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.


ცნობისთვის, 6 აპრილს აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.