ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების სავარაუდო გაჟონვის შესახებ გამოძიება გაგრძელდება, ვიდრე შტატების ხელისუფლება არ გაარკვევს, ვის მიერ გასაჯაროვდა დოკუმენტები. ოსტინის თქმით, აშშ ინფორმაციის გაჟონვის წყაროს დასადგენად ყველაფერს გააკეთებს.
პენტაგონისთვის ცნობილია, რომ დოკუმენტების გამოქვეყნება მოხდა 28 თებერვალსა და პირველ მარტს, თუმცა ოსტინის თქმით, არაფრის თქმა არ შეუძლია იმასთან დაკავშირებით, სხვა დოკუმენტები გამოქვეყნდა თუ არა უფრო ადრე.
პენტაგონის ხელმძღვანელი პირველი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირია, რომელმაც დოკუმენტების გაჟონვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
23 მარტს დათარიღებული სავარაუდოდ დოკუმენტის თანახმად, დიდ ბრიტანეთს უკრაინაში სპეცრაზმის ყველაზე დიდი, 50-კაციანი კონტინგენტი ჰყავს, შემდეგ მოდის ლატვია (17), საფრანგეთი (15), აშშ (14) და ნიდერლანდები (1). დოკუმენტში არ არის მითითებული სად არიან განლაგებულნი ეს ძალები.
გასულ კვირაში, ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტში გაჟონა, სავარაუდოდ, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების ფოტოასლებმა, რომლებიც უკრაინას და მის მომავალ კონტრშეტევას, ასევე, სხვა ქვეყნებსაც ეხება, მათ შორის არამხოლოდ ჩინეთსა და ირანს, არამედ, მოკავშირე სამხრეთ კორეას და ისრაელსაც. არაერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით, სხვადასხვა მედიასაშუალებას დაუდასტურა, რომ გავრცელებული დოკუმენტების ნაწილი ნამდვილია. ინფორმაციის გაჟონვას შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო იძიებს.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ოლექსი რეზნიკოვს და დმიტრო კულებას ესაუბრნენ და მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურეს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, სავარაუდოდ გაჟონილი ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინაში დიდი ბრიტანეთის სპეცრაზმი მოქმედებდა, უზუსტობის მაღალი დონით ხასიათდება.
უწყების თანახმად, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების სავარაუდოდ გაჟონილი ინფორმაცია შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 50 დიდი ბრიტანეთის სპეცრაზმი უკრაინაში სხვა დასავლურ ძალებთან ერთად არის განლაგებული. ამის შესახებ Sky news-ი წერს.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ამოწმებს სავარაუდოდ გაჟონილი დოკუმენტების ნამდვილობას, იმის შესაფასებლად, რა გავლენა შეიძლება, რომ იქონიოს ამან აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებაზე.
სავარაუდო საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების ათობით გვერდის ფოტოები პლატფორმა Discord-ზე 28 თებერვალსა და 2 მარტს გამოქვეყნდა, მათი ნაწილი კი აპრილის დასაწყისში გავრცელდა ინტერნეტში.