პრემიერი: შეზღუდვების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზაციები სახელმწიფო მხარდაჭერას და სუბსიდიას ვეღარ მიიღებენ

ორგანიზაციები დაწესებული შეზღუდვების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, გარდა უმკაცრესი რეაგირებისა, ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას.

ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც გამოავლენს თითოეული მოქალაქის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობას.

„მიზანმიმართული დარღვევა ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ, დაწესებული წესებისა, გარდა იმისა, რომ ამას როგორც შედეგი მოყვება უმკაცრესი რეაგირება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით. გარდა ამისა, ვეღარ მიიღებენ მომავალში სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში მონაწილეობას. ვფიქრობ, ეს არის სამართლიანი, რომელმაც უნდა გამოავლინოს თითოეული მოქალაქის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ის არსებული საჯარიმო სანქცია, რომელიც არის დაწესებული, კვლავ იმოქმედებს.

"ამ თვალსაზრისით, სანქციებია დაწესებული ბიზნესისთვის როგორც შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, ასევე ბიზნესის ფუნქციონირებისთვის, მათ შორის არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც გათვალისწინებული, ასეთი მიზანმიმართული განმრეობითი ქმედებისთვის. ბუნებრივია, თუ ჩვენ ვხედავთ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების პარალელურად, არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის იქნება ბიზნესი, ეხება რესტორნებსაც, ბაზრობებსაც და სხვა ბიზნესსუბიექტებსაც, მიზანიმიმართულად აიგნორებს შეზღუდვებს, ჩვენი რეაგირება იქნება კანონის ფარგლებში", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მთავრობის განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირების ბოლო 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 4%-მდე შემცირდა, ამიტომ შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე დაიწყება. 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ - გარდა შაბათ-კვირისა; მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.

ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) - გარდა შაბათ-კვირისა; გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები - გარდა შაბათ-კვირისა; ერთი კვირის შემდეგ, ანუ 15 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, სრულად მთელი საქართველოს მასშტაბით: ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება);