სერბეთის თავდაცვის სამინისტრომ, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა აღნიშნა, რომ სერბეთს არ მიუყიდია და არ მიჰყიდის იარაღს არც უკრაინულ და არც რუსულ მხარეს.
„ვიღაცის მიზანი აშკარად არის ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია და კონფლიქტში ჩათრევა", - განაცხადა სერბმა მინისტრმა.
მისი თქმით, ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, რომ კონფლიქტის ტერიტორიაზე რაღაც ჯადოქრობით აღმოჩნდება რაიმე იარაღი, მაგრამ სერბეთთან ამას არავითარი კავშირი არა აქვს.
„ეს შეკითხვა ეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც არ იცავენ საერთაშორისო ნორმებს, შეთანხმებების დებულებებსა და საქმიან პრაქტიკას“, - განაცხადა ვუჩევიჩმა.
სერბეთი დათანხმდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ან უკვე მიაწოდა კიევს ეს დახმარება. იტყობინებოდა Reuters-ი 12 აპრილს სავარაუდოდ გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით.
სერბეთმა დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა, მაგრამ უარი თქვა, მიერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.