შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ, ჯამში 80 ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ დამატებითი სანქციები აამოქმედა.
დიდ ბრიტანეთთან ერთად აშშ-ს სანქციებს იღებს USM Holding-ის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ოლიგარქთან ალიშერ უსმანოვთან არის დაკავშირებული. აშშ-ის ხელმძღვანელობის შეფასებით, USM Holding-ის მეშვეობით უსმანოვი საკუთარი კომპანიების უმრავლესობას აკონტროლებს და ფლობს.
უსმანოვი სანქციების ქვეშაა 2022 წლის მარტიდან.
„უსმანოვის განკარგულებაში არის კომპანიების ფართო ქსელი და ოჯახის წევრები, რომელთა მეშვეობითაც ახორციელებს ფინანსურ ოპერაციებს, რაც პოტენციურად, სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალებას აძლევს”, - აღნიშნულია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
სანქციების ასევე ჰოლდინგთან დაკავშირებულ 20-ზე მეტ იურიდიულ პირზე ვრცელდება, რომლებიც რუსეთში, უზბეკეთში, შვეიცარიაში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებიან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასანქციო სიაშია ცალკე 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც რუსეთის ეკონომიკის თავდაცვის სექტორში მუშაობენ და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს უჭერენ მხარს, ასევე დამატებითი კომპანიები, რომლებიც რუსულ სახელმწიფო კორპორაცია “როსატომთან” არიან დაკავშირებულები.
სანქციები აღნიშნული პირებისა და სტრუქტურების აშშ-ში აქტივების გაყინვას და ამერიკელი მოქალაქეებისთვის და კომპანიებისთვის მათთან საქმის წარმოების აკრძალვას ითვალისწინებს.