ელჩი დეგნანი: რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგი იგივეა, განსაზღვრული პირები და მათი უახლოესი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ აშშ-ში შესვლას

„თუ საქართველოს მთავრობას სურს, დამოუკიდებლად დაიწყოს გამოძიება ამ ბრალდებებზე, ბევრი ინფორმაცია ცნობილია და ცნობილი იყო წლების განმავლობაში, მჯერა, რომ სანდო გამოძიება იგივე შედეგებამდე მივა“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მედიის შეკითხვა ეხებოდა ტერმინ სანქციის გამოყენებას და გარკვეული მოსამართლეების მიერ აშშ-ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

„რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგები ერთნაირია, ვიზის შეზღუდვის განსაზღვრა ნიშნავს, რომ განსაზღვრული პირები და აშშ-ის მოქალაქეობის არმქონე მათი უახლოესი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ აშშ-ში შესვლას. რაც შეეხება ინფორმაციის გაზიარებას, ამის საფუძველია საინფორმაციო წყაროების მრავალფეროვნება, მათ შორის არის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს, დაიწყოს საკუთარი გამოძიება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, ინფორმაციის უმრავლესობა ცნობილია და წლების განმავლობაში ფართოდ იყო ცნობილი. და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება, იგივე შედეგებამდე მივა“, – განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან.


შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში“. დღესვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, რომელიც 10 აპრილს შეხვდა პრემიერ-მინისტრს, განაცხადა, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში.


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე პირველი ოფიციალური განმარტება 6 აპრილს გააკეთა.

ისაუბრეს, თუ რა წყაროებს ეყრდნობოდა უწყება სანქცირების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას.

„ამ კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. დააზიანა საზოგადოების ნდობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ოფიციალური პირებისადმი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან არის მოპოვებული, მათ შორის ღია წყაროებიდან და ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს საიმისოდ, რათა დავიჯეროთ, რომ მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო კორუფციაში”, - განაცხადეს უწყებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს ასეთი პირებისთვის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას.


ცნობისთვის, აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე გადაწყვეტილებას ამერიკულ სასამართლოში გაასაჩივრებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკა დგას საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ შემდგომი დემოკრატიული მმართველობა.

Europetime-ის შეკითხვების საპასუხოდ, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 7031 (c) წესის მოქმედებები, რომლის საფუძველზეც 4 ქართველ მოსამართლეს სავიზო აკრძალვა დაუწესდა, ამის ძლიერი სიგნალია.

„ზოგადად, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს სამართლებრივი ქმედებების განხორციელების პროცესზე. 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031 (c) წესის მოქმედებები ძლიერი სიგნალია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ამერიკა დგას საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ გამჭვირვალობა, კორუფციასთან ბრძოლა და შემდგომი დემოკრატიული მმართველობა“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Europetime-ს. 


მისივე თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში ხელი შეუწყოს.

„ჩვენ მზად ვართ, ენდემური (სისტემური, რედ.)კორუფციის დაძლევისა და მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეწყობის გზით, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სრული ეკონომიკური და დემოკრატიული პოტენციალის რეალიზებაში“, - აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყება. 


მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031 (c) წესის საფუძველზე დაუწესდათ შესაბამისი ზომები.

კერძოდ, 7031(c) წესი ითვალისწინებს, რომ უცხოური მთავრობების თანამდებობის პირებს, რომელთა მნიშვნელოვან კორუფციაში ან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაში მონაწილეობის შესახებ სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, ამერიკის შეერთებული შტატებში შესვლის უფლება არ ექნებათ. ეს წესი გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც.

კანონი ასევე მოთხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა განსაზღვროს ასეთი თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები.