საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა განაცხადა, რომ სიცრუეა, თითქოს რიკოთის პროექტი გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის საპროექტო გადაწყვეტილება და თავად პროექტი, „მსოფლიო ბანკის“ დაფინანსებით, საერთაშორისო დონის საგზაო ინჟინერიაში ერთ-ერთმა დიდმა ამერიკულმა კომპანია „აეკომმა“ მოამზადა.
„ამ მონაკვეთებზე ჩატარებული გეოლოგიური, გეოტექნიკური, გეოფიზიკური, სეისმური კვლევების და ჰიდროლოგიის შედეგად იქნა ეს პროექტები გადაწყვეტილი. ამასთანავე, „აზიის განვითარების ბანკისა“ და „მსოფლიო ბანკის“ მოწვევით, შესაბამისი სპეციალისტები იყვნენ ჩამოსული, რომლებმაც საპროექტო გადაწყვეტილებების რევიზია და გადახედვა მოახდინეს“, - განაცხადა წერეთელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე არაერთი გეოლოგიური და სხვა სახის კვლევა ჩატარდა, მიმდინარე პროცესები კი მთიანი რელიეფისთვის დამახასიათებელია, თუმცა არსებული პროცესების მართვა და მონიტორინგი უცხოური საზედამხედველო კომპანიების მიერ 24 საათის განმავლობაში წარმოებს.
„პროექტირების ეტაპზე, გეოლოგიური კვლევისთვის ტერიტორია დაახლოებით 250 ხიმინჯოვანი ბურღით გაიბურღა, რაც უპრეცედენტოა. არსებობს გეოლოგიური რუკა. შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები გაწერილია საპროექტო გადაწყვეტილებაში, რის მიხედვითაც მიმდინარეობს სამუშაოები. ეს არის სამშენებლო პროცესი და როცა სამთო გზები კეთდება, ვმუშაობთ მთიან რეგიონში, ასეთი ინციდენტები შესაძლებელია მოხდეს. ჩვენ ვართ ფრთხილად იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ყველა შესაძლო ზიანი და მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება. სწორედ ამის გამო მოგვიწია რამდენჯერმე მოძრაობის გადართვა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე. ზედამხედველობას ვახორციელებთ 24 საათის განმავლობაში“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.