იუსტიციის ყოფილი მინისტრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ელჩთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ კარლ ჰარცელის გუშინდელი განცხადება მისი პირადი აზრია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია.
„ჩემი მოწვევით ბატონი ჰარცელი იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტში, მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. შეხვედრის დეტალებს მასთან შეთანხმებით ვერ გაგიმხელთ, ასე შევთანხმდით. შეხვედრის დროს გაირკვა, რომ ჩემთან და ჩემს პოლიტიკურ განცხადებასთან დაკავშირებით მისი გუშინდელი განცხადება არის მისი პირადი პოზიცია, მისი პირადი აზრი. ჩვენ შევთანხმდით რომ, რა თქმა უნდა გავაგრძელებთ იმ ძალიან კარგ თანამშრომლობას, რაც ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროში მასთან, მისიასთან და ევროკავშირთან გვქონდა. ჩემთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ეს მისი პოზიციაა და არა ევროკავშირის. შევთანხმდით, რომ ადამიანს აქვს თავისი პირადი პოზიცია. ეს არ არის მნიშვნელოვანი, პირადად ვის რა პოზიცია გვაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია", - განაცხადა წულუკიანმა.
2 თებერვალს, თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას ნომერი პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, რაც კარლ ჰარცელმა არაეთიკურად მიიჩნია.
ამავე თემაზე: ჰარცელი წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ: არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ მე მაქვს კონკრეტული შეხედულებები