ჰარცელი წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ: არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ მე მაქვს კონკრეტული შეხედულებები

„მივესალმები შეხვედრას, რადგან ჩემი აზრით, ყოველთვის კარგია მოლაპარაკებების გამართვა“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვიცით, რომ თეა წულუკიანი არ იყო მოხარული ჩემი გუშინდელი კომენტარებით. ჩვენ გვქონდა შანსი განგვეხილა ეს და დავრწმუნებულიყავით, რომ ორივე მხარეს ესმის ერთმანეთის პოზიციები. მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა გაიმართა“, - განაცხადა ჰარცელმა.

„ამ მოლაპარაკებების გამართვა სასარგებლოა, ეს მოლაპარაკებები გაიმართა დახურულ კარს მიღმა, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ გავიგეთ ერთმანეთის პოზიციები. ჩემთვის ეს არის უფრო ფართო საკითხი და ეხება ტონალობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ის, თუ როგორ ხდება ამის წარმოჩენა მედიაში.

არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ მე მაქვს კონკრეტული შეხედულებები, როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური დისკუსია. შეხვედრის შესახებ მეტს არაფერს ვიტყვი. დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია ვიფიქროთ, როგორ წარიმართება დისკუსია“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს, იუსტიციის ყოფილმა მიისტრმა,პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, ტელეკომპანია "მთავარის" ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას ნომერი პირდაპირ ეთერში გამოაცხადა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა თეა წულუკიანის მხრიდან ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროება, არაეთიკურად მიიჩნია.

ამ შეფასების შემდეგ, თეა წულუკიანმა ევროკავშირის ელჩი პარლამენტში მიიწვია.

ევროკავშირის ელჩი წულუკიანის მიერ გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებას არაეთიკურად მიიჩნევს

თეა წულუკიანი: ძლიერ ვისურვებდი ელჩ ჰარცელის მიღებას პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან დაკავშირებით