შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით, რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გახსნეს.
როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამოქმედდა ახალი რეჟიმი: 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან 194-ე კმ-მდე (ახალსოფლის კვანძიდან ზესტაფონამდე) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის, 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე კი ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები.
„გუშინ, 18:00 საათიდან, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება დაიშვა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებისათვის. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ მოძრაობა შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გაგრძელებულიყო. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მობილიზებული არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, შეუფერხებელი საავტომობილო მოძრაობის უზრუნველსაყოფად და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საგზაო მოძრაობას არეგულირებენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.