ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შენარჩუნება - კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი და შესაბამისად, ევროპარლამენტში მისი გამოსვლა გადაიდო. კრამონი მომხდარს ძალიან სამწუხაროს უწოდებს და Twitter-ზე აზიარებს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის სიტყვებს, რომლის თანახმადაც, ითქვა, რომ ზურაბიშვილის გამოსვლა თავად ქართულმა მხარემ გააუქმა.

კრამონის თქმით, ევროპარლამენტში საქართველოს ბევრი მეგობარია, ვისაც შეეძლო, მისალმებოდა პრეზიდენტის გამოსვლას. ის იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა შემდეგში შედგება.


ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 13 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბუგრში, სადაც ევროპარლამენტში უნდა გამოსულიყო სიტყვით, გადაიდო. მიზეზები ადმინისტრაციას არ განუმარტავს.

შეგახსენებთ, პარლამენტის ტრიბუნიდან ყოველწლიური მოხსენების დროს, 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ 18 აპრილს ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავდა.

„ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.