პრეზიდენტის ადმინისტრაცია ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლის გადადებაზე განმარტებას აკეთებს. ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.
„ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო“, - აცხადებს ადმინისტრაცია.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 13 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბუგრში, სადაც ევროპარლამენტში უნდა გამოსულიყო სიტყვით, გადაიდო. მიზეზები ადმინისტრაციას არ განუმარტავს.
შეგახსენებთ, პარლამენტის ტრიბუნიდან ყოველწლიური მოხსენების დროს, 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ 18 აპრილს ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავდა.
„ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.