უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტს დროებით სლოვაკეთიც აჩერებს

სლოვაკეთი უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს დროებით წყვეტს. მანამდე მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს უნგრეთმა და პოლონეთმა, რაც დაგმო ევროკომისიამ. ამ საკითხზე გაიმართება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, განაცხადა დროებით დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა.

„სლოვაკეთი დროებით შეწყვეტს უკრაინიდან მარცვლეულის და სხვა შერჩეული პროდუქტების იმპორტს. დღეს სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება ამ თემაზე. შედეგები გამოქვეყნდება", - წერს ჰეგერი.


ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ცალმხრივი აკრძალვა მიუღებელია, განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა 16 აპრილს მას შემდეგ, რაც პოლონეთმა და უნგრეთმა ადგილობრივი ფერმერების დასაცავად, უკრაინიდან იმპორტი შეწყვიტეს.

პოლონეთმა და უნგრეთმა განაცხადეს, რომ შეზღუდვები 30 ივნისამდე გაგრძელდება.

„მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა და, შესაბამისად, ცალმხრივი ქმედებები მიუღებელია“, - განაცხადა სპიკერმა და აღნიშნა, რომ „გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის ფარგლებში ყველა გადაწყვეტილების ირგვლივ კოორდინაციას.

16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა და უნგრეთმა აკრძალეს მარცვლეულისა და სხვა საკვების იმპორტი უკრაინიდან, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ფერმერებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში უკრაინული ნაწარმის დიდი მოცულობით და გადასახადების გარეშე შედინებამ მათი შემოსავალი შეამცირა. პოლონეთმა 16 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის მარცვლეულისთვის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციისთვის დაწესებული აკრძალვა შეეხება მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე გაივლის.

უნგრეთის მთავრობამ თავის მხრივ, განაცხადა, რომ ელის ცვლილებებს ევროპულ რეგულაციაში, მათ შორის შარშანდელი გადაწყვეტილების გადახედვას უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე იმპორტის ყველა ტარიფის გაუქმების შესახებ.

კიევმა 16 აპრილს განაცხადა, რომ აკრძალვა მოქმედ ორმხრივ შეთანხმებებს არღვევს.