აშშ-ის ელჩს რუსეთში, ამერიკელი ჟურნალისტის მონახულების უფლება დაკავებიდან ორ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ მისცეს

აშშ-ის ელჩმა მოსკოვში, ლინ ტრეისიმ, Wall Street Journal-ის დაკავებული რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი ორშაბათს მოინახულა. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ საელჩო ინფორმაციას Twitter-ზე ავრცელებს.

„მე ვესტუმრე WSJ-ის ჟურნალისტს ევან გერშკოვიჩს დღეს, ლეფორტოვოს ციხეში - პირველად მოგვეცა ასეთი ნებართვა ორ კვირაზე მეტი ხნის წინ მისი უკანონო დაკავების შემდეგ,” - განაცხადა ელჩმა.

„ის კარგად არის და ძლიერად რჩება. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ“, - აღნიშნა ლინ ტრეისიმ.

ეკატერინბურგში, ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, 1991 წელს დაბადებული ევან გერშკოვიჩი 30 მარტს დააკავეს, რომელიც შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. დანაშაული 20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

რეპორტიორი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შესახებ ამზადებდა მასალას, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. 31 მარტს ბაიდენმა რუსეთს WSJ-ის რეპორტიორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

The Wall Street Journal-ის შეფასებით, ჟურნალისტის საქმემ, რომელიც თავისუფალი პრესის საშინელი შეურაცხყოფაა, მთელ მსოფლიოში, ყველა თავისუფალ ხალხსა და მთავრობაში აღშფოთება უნდა გამოიწვიოს.

შეერთებული შტატები გერშკოვიჩს უკანონოდ დაპატიმრებულად მიიჩნევს.