ბავშვებს, რომლებსაც წელს პირველ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, უფლება ექნებათ, სკოლაში 2023 წლის სექტემბრიდან შევიდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განმარტებით, პროცესი ნებაყოფლობითი იქნება და მშობლებს შეეძლებათ ბავშვები სკოლაში წაიყვანონ ან საბავშვო ბაღში დატოვონ.
„სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, შესაძლებლობა გვაქვს, მშობლების მომეტებული მოთხოვნა, რომელიც ბავშვის სასკოლო ასაკს ეხება, ეტაპობრივად დავაკმაყოფილოთ. წელს, ბავშვებს, რომლებსაც პირველ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, უფლება ექნებათ, სკოლაში შევიდნენ. მოგეხსენებათ, ეს წესი აქამდე პირველ ოქტომბრამდე მოქმედებდა და ის ერთი თვით გავახანგრძლივეთ.
იმ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებთან ერთად, რომელიც 800 სკოლის აშენებასა და რეაბილიტაციას გულისხმობს, ჩვენ ნელ-ნელა ამ ვადას გავახანგრძლივებთ. მაქსიმალური გადაწევის საშუალება 31 დეკემბრამდეა. გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი იქნება. მშობლები არჩევანში სრულად თავისუფლები იქნებიან. შეუძლიათ, ბავშვი სკოლაში შეიყვანონ ან საბავშვო ბაღში დატოვონ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.