საქართველოს პროკურატურამ, ახმეტაში მეზობლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს თავის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს თავის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დამნაშავე იმავე დღეს დააკავეს. ასევე,ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა,) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.