თეთრ სახლში განმარტეს, რაზე მიუთითებს პუტინის ჩასვლა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე

პუტინის დემონსტრაციული ვიზიტი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიუთითებს იმაზე, რომ მათ იციან, რომ რუსეთისთვის საქმე კარგად არ მიდის. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, - აღნიშნა ჟან-პიერმა.

კრემლმა 18 აპრილს განაცხადა, რომ პუტინი ოკუპირებულ ხერსონსა და ლუგანსკის ოლქში იმყოფებოდა.

თუმცა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, ოლექსი დანილოვს სჯერა, რომ რელურად ეს პუტინის ორეული იყო. მისი შეფასებით, პუტინი შეშინებული ადამიანია და შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ მას ასეთი ფორმით შეუძლია სადმე ჩასვლა“.

„იმისთვის, რომ ნამდვილ პუტინთან ისაუბროთ, სულ მცირე 10-15 დღე უნდა გაატაროთ კარანტინში. არანაირი პუტინი იქ არ იყო. ჩვეულებრივი ორეული იყო, რომლებიც არაერთი ჰყავს - განაცხადა ოლექსი დანილოვმა.

მისი ნათქვამის გასამყარებლად დანილოვმა ისიც გაიხსენა, რომ უცხოელ სტუმრებს პუტინთან, მაგიდასთან დიდ მანძილზე სვამენ, ხოლო მისი ვიზიტები მთელი პროცედურაა, რომლის დროსაც მოსამზადებელი პროცესი 2-3 კვირით ადრე იწყება.