Washington Post: გაჟონილი დოკუმენტები აჩვენებს, რომ უკრაინა სირიაში რუსულ ძალებზე თავდასხმებს გეგმავდა

უკრაინის სამხედრო დაზვერვა სირიაში მოქმედ რუსულ ძალებზე ფარული თავდასხმების განხორციელებას ქურთების დახმარებით გეგმავდა, ამის შესახებ Washington Post-ი
აშშ-ის დაზვერვის გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, გეგმები მიმართული იყო რუსეთისა და კრემლის მიერ მხარდაჭერილი კერძო დაქირავებული ვაგნერ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც მოქმედებს როგორც უკრაინაში, ასევე სირიაში.

საბოლოოდ, გეგმაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი განაცხადა, მაგრამ ამერიკული მედიის ცნობით, გაჟონილი დოკუმენტები, რომლებიც იანვრის ბოლოთი თარიღდება, დეტალურად აღწერს შესაძლო სამოქმედო გეგმას, რომელიც დაზვერვის მთავარ დირექტორატს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სააგენტოს შეეძლო, შეესრულებინა თავდასხმების განსახორციელებლად.

გაჟონილი დოკუმენტები აშშ-ის სამხედრო და დაზვერვის საიდუმლო ფაილების ნაწილია, რომელიც სოციალურ მედია ქსელში Discord გამოჩნდა. შეერთებულმა შტატებმა 13 აპრილს 21 წლის საჰაერო ნაციონალური გვარდიელი დააკავა, რომელიც ეჭვმიტანილია დოკუმენტების გაჟონვაში.