პირველად ისტორიაში, ლიეტუვის ელექტროსისტემამ რუსეთისგან დამოუკიდებლად, წარმატებით იმუშავა

  • ლიეტუვამ რუსეთის ელექტრო ქსელიდან გათიშვა წარმატებით გამოსცადა

ლიეტუვის ელექტრო ქსელი იზოლირებულად, სატესტო რეჟიმში 22 აპრილს ჩაირთო.

შაბათს 11:00-დან 21:00 საათამდე ქსელი პირველად გაითიშა რუსეთის მიერ კონტროლირებადი IPS/UES სისტემიდან (IPS/UPS) და ავტონომიურად იმუშავა. ამის შესახებ ლიეტუვის ელექტრო ქსელის ოპერატორის Litgrid-ის ინფორმაციაშია ნათქვამი.

ელექტროენერგიას ამ პერიოდში ლიეტუვა შიდა წყაროებითა და შვედეთიდან და პოლონეთიდან იმპორტის შედეგად მიიღო.

ტესტირება შეთანხმებული იყო ლატვიის, ესტონეთის და რუსეთის ელექტრო ქსელის ოპერატორებთან.

ლიეტუვა, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, უკრაინაში მიმდინარე რუსული შეჭრის ფონზე იღებს ზომებს რუსეთიდან ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ლიეტუვის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის ფედერაციიდან ენერგიის იმპორტი მთლიანად შეჩერდა 2022 წელს, მაგრამ ქვეყანა, ლატვიისა და ესტონეთის მსგავსად, კვლავ დაკავშირებულია BRELL-ის რგოლის ელექტრომომარაგების სისტემასთან, რომელშიც ასევე შედიან რუსეთი და ბელორუსი.


უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ლიუტუვა ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად, ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის ალტერნატიული მიწოდების მოძიებით, მოსკოვზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებაზეა ფოკუსირებული. 

„პირველად ისტორიაში, ლიეტუვის ელექტროსისტემა სრულად დამოუკიდებლად იმუშავებს, ამიტომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ტესტირებაზე და მზად ვიქნებით ყველა სცენარისთვის. ტესტირება მომხმარებლებზე არ იმოქმედებს“, - განაცხადა Litgrid-ის ოფისის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, როკას მასიულისმა.


„ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის ერთ მილიარდ ევროზე მეტი (1,1 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიციით ისარგებლებენ. ისინი რუსული ქსელის დატოვებას 2025 წლისთვის გეგმავდნენ, მაგრამ ეს შეიძლება უკვე მომავალ წელსაც მოხდეს, თუ ტესტირება კარგად ჩაივლის“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა დაინიუს კრეივისმა.

ხაზების სრულად გათიშვის მიზნით, კონტინენტურ ევროპასთან სინქრონიზაცია ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად უნდა განხორციელდეს, თუმცა ორივე ამბობს, რომ გადართვისთვის მოსამზადებლად მეტი დრო სჭირდებათ. ლიეტუვის მეირ დაგეგმილი ტესტირება ასევე შეეხება კალინინგრადის რეგიონს, რუსეთის ექსკლავას ბალტიის ზღვაზე.